„დაზარალებულთა დამატებითი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, ხარჯებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, თბილისის მერია დაფარავს“, - განაცხადეს მერიაში.
სააგენტო „ჯი ეიჩ ენმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, დიმიტრი ფაილოძე ნაოპერაციებ ფეხს ონლაინსესხით მკურნალობს. „მარცხენა ფეხზე ორივე წვივი მაქვს მოტეხილი. ოპერაცია იმავე დღეს გამიკეთეს. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარი გადავიხადე. რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩემი ფულით შევიძინე. უფრო სწორად, ეს ფული არც მქონდა, ჩემმა ძმამ სწრაფი სესხი გააკეთა და ისე ვიყიდე წამლები, აბა რა მექნა?“, - ციტირებს „ჯი ეიჩ ენი“ დაზარალებულის კომენტარს.
მეტროსადგურ „ვარკეთილში ჭერი 30 იანვარს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა. თბილისის მერმა კახა კალაძემგანაცხადა, რომ მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.