„დღეს, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი და ადმინისტრაციის თანამშრომლები, ზოგადად ხალხი არ შეუშვეს, რადგან თურმე ეს კონკრეტული ჯგუფის შეკრება ყოფილა, სადაც ელიტები მონაწილეობდნენ. მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე დაფუძნდა და განათლება იყო საყოველთაო. ამ კედლებში ყველას შეეძლო შემოსვლა, ეს იყო იდეა. მაგრამ დღეს უნივერსიტეტს საბოლოოდ დააკარგინეს შინაარსი. ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც დღეს სააქტო დარბაზში არ შეგვიშვეს, ყოველთვის ვიბრძოლებთ უნივერსიტეტის შინაარსის დასაბრუნებლად“, - განაცხადა გიორგი სოფრომაძემ მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი დაატოვებინეს. დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ის დარბაზიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
საიუბილეო ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი„აუდიტორია 115“-ის წევრებს დაელაპარაკა, რომლებიც ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ არ მოხდა ღონისძიებაზე სტუდენტების შეშვება.
„ჯერ ერთი, დღის წესრიგი მე არ შემიდგენია. მეორე, აქ სტუმრები მთელი მსოფლიოდან არიან ჩამოსულები. ძალიან სამწუხაროა, ძალიან უხერხულია. მე თქვენთან კომუნიკაციაზე უარი არასდროს არ მითქვამს. ახლაც მოვედი. მაშინაც მოვედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა“, - უთხრა გიორგი კირიკაშვილმა სტუდენტებს.
გიორგი სოფრომაძემ პრემიერის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მასთან ყოველი კომუნიკაცია უშედეგო დაპირებებით სრულდებოდა:„თქვენ ხართ სივრცეში, რომელიც შეიქმნა თავისუფლებისა და თანასწორობის იდეაზე, თუმცა აქ ჩვენ თანასწორობის ვერანაირი მაგალითი ვერ დავინახეთ“.
მის განცხადებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ სტუდენტებს პატივი სცა და დაელაპარაკა.
„პატივი გვეცით? პატივი თქვენ გეცით, რომ საერთოდ გესაუბრეთ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1998 წელს დაფუძნდა. 100 წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრისგარდა, მთავრობის წევრები და კათოლიკოს-პატრიარქიც ესწრებოდნენ.