WDR-ს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მკაცრი ზომების მიღებას ითხოვს იმ პირებთან მიმართებაში, ვინც საქართველოდან არიან და გერმანიაში თავშესაფრის მიღებას ცდილობენ. საქმე ეხება ქალაქ იორლინგჰაუზენში არსებულ მდგომარეობას, სადაც ლტოლვილთა საცხოვრებლებია. ქალაქში თავშესაფრის მაძიებელი ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.
გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიაში სულ უფრო მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩადის, მიუხედავად იმისა, რომ დარჩენის მინიმალური შანსები აქვთ. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ამ ჯგუფთან გარკვეული პრობლემები ექმნებათ. პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ იორლინგჰაუზენში მკვეთრად გაიზარდა დანაშაული, რომელიც ლტოლვილებს უკავშირდება.
WDR-ის მიხედვით, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა, გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წევრმა იოახიმ შტამპმა უკვე დაიწყო კამპანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გასაუქმებლად.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით მიმოსვლას ითვალისწინებს.