weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაცხოვრისკარში 130 წლის სკოლას დაანგრევენ, ფიცრებს კი ეპარქიას მისცემენ

11:43 შაბათი, 10 თებერვალი 2018

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში 130 წლის წინ ისგან აშენებული, ერთსართულიანი სკოლის დანგრევა და მის ადგილზე ახალი სკოლის აშენება იგეგმება. სკოლის დირექტორის სვეტლანა ბოკუჩავას თქმით, შენობა უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც გაკვეთილები სოფლის ადმინისტრაციის შენობაში ტარდება.

ადგილობრივ სააგენტო „ლაივპრესთან“ ინტერვიუში სვეტლანა ბოკუჩავა ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს დასკვნის მიხედვით, შენობას კულტურულ-ისტორიული ღირებულება არ აქვს.

„განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძველი შენობა უნდა დაინგრეს და ახლით ჩანაცვლდეს. ადრე მაცხოვრისკარის სკოლაში 200-მდე მოზარდი სწავლობდა, ახლა კი 56 მოსწავლეა. სკოლაში სულ 9 კლასია. შენობა შეიძლება ერთ დროს იყო ისტორიული, მაგრამ ახლა იმდენად ამორტიზებულია, რომ ბავშვების ყოფნა არ არის უსაფრთხო. 1991 წლიდან დავინიშნე სკოლის დირექტორად. სკოლა ჯერ კიდევ 1987 წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ დღემდე ასევ ვართ“, – ამბობს ვეტლანა ბოკუჩავა.

მაცხოვრისკარის მცხოვრებლის ლია მუსერიძის თქმით, გაუმართავი სკოლის გამო მშობლებს ბავშვები განათლების მისაღებად ქალაქში მიჰყავთ. ის ისტორიული შენობის შენარჩუნებას და ახალი სკოლის აშენებას უჭერს მხარს.

აბაშის მერის, ლევან მაკალათიას განცხადებით, ძველი შენობის გამაგრება შეუძლებელია. მისივე თქმით, რადგან მაცხოვრისკარის სკოლა მაცხოვრის შობის ეკლესიის და აზნაურ ჯაიანის სახლის მასალებით აშენდა, დანგრევის შემდეგ ფიცრებს ჭყონდიდის ეპარქიას დაუბრუნებენ.

„მეუფე პეტრეს დიდი სურვილიც იყო, რომ დაბრუნებოდა ეკლესიას ეს მასალები. ისინი ამ მასალებით შეძლებდნენ ძველ სტილში ხის ეკლესიის აშენებას, ხოლო დანარჩენ მასალებს გამოიყენებდნენ ხატებისა და ჩარჩოებისთვის“, – ამბობს ლევან მაკალათია „ლაივპრესთან“ ინტერვიუში.

მაცხოვრისკარის სკოლის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით განათლების მინისტრს სტუდენტმა ირმა ჭკადუამ მიმართა. მის წერილს „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

„ამბობენ, რომ ტაძრის კუთვნილი მასალა მასვე უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ რისთვის? შეშად რომ გამოიყენონ? სამშენებლო მასალად ხომ არ გამოდგება 130 წლის ფიცარი?! ვიცი და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია სოფელს ჰქონდეს ახალი სკოლა და ბავშვებს – განათლების გაუმჯობესებული ხარისხით მიღების საშუალება, მაგრამ არა ისტორიის დავიწყების და განადგურების ხარჯზე“, - აღნიშნავს ირმა ჭკადუა. ის განათლების სამინისტროს ძველი სკოლის შენობაში მუზეუმისა და არაფორმალური განათლების ცენტრის მოწყობას სთავაზობს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]