weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამარ ყუბანეიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვეს

15:38 შაბათი, 10 თებერვალი 2018

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა ია ანთაძემ, ირაკლი აბსანძემ და თამარ ყუბანეიშვილმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას წევრობის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართეს. ქარტიის დატოვების მიზეზად ისინი „პირველი არხის“ მენეჯმენტსა და ქარტიის საბჭოს შორის არსებულ კონფლიქტს ასახელებენ.

ია ანთაძე 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მრჩევლად მუშაობდა, 2018 წლის იანვარში კი მან ე.წ. სუპერდესკის დატოვების შესახებ განაცხადა. რაც შეეხება ირაკლი აბსანძეს, იგი გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანია, თამარ (თამთა) ყუბანეიშვილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის ერთ-ერთი პროდიუსერია. თამარ ყუბანეიშვილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის მეუღლეა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დატოვებას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მწერლების ნაწილის ერთობლივი განცხადება, რომლითაც მათ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისთვის 6 პუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. მიმართვაში, რომელსაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც შეუერთდა, ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ღრმა ინსტიტუციური კრიზისია, მაუწყებლის მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა მაშინ, როცა მოქალაქეები ყოველწლიურად სულ უფრო მზარდ თანხას იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაში. მიმართვის ავტორები საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას და მაუწყებლის არაგეგმიური აუდიტის ჩატარებას ითხოვენ.

ია ანთაძის განმარტებით, ქარტიამ ხელი მოაწერა იმ განცხადებას, რომლითაც მაუწყებლის მენეჯმენტს უპირისპირდებიან. „მე როგორც ქარტიის წევრი და როგორც ამ მენეჯმენტის წარმომადგენელი, ჩემ თავს ვერ დავუპირისპირდები. ამიტომ უბრალოდ არ იყო არანაირი სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ ქარტია მიმეტოვებინა“, - უთხრა ანთაძემ on.ge-ს.

ამავე გამოცემასთან საუბარში ირაკლი აბსანძემ აღნიშნა, რომ ქარტიის წევრად ყოფნა არაპატიოსან საქციელად მიაჩნია, ვიდრე პირველ არხსა და საბჭოს შორის ურთიერთობა არ გაირკვევა.

აღსანიშნავია, 2017 წლის 28 დეკემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის და ვებგვერდის რედაქტორის, ირინა დეკანოიძის მიმართ და მათ მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპებისდარღვევა დაადგინა. საქმე ეხება „პირველი არხის“ მიერ, პოეტ ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით გადაღებული ვიდეომასალის გავრცელებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]