შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოში 1-5 თებერვალს ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს: ბათუმში - 1, თბილისში - 2, გორში - 1, კახეთში -1, მცხეთა-მთიანეთში - 3. გურიაში ქურდობის ფაქტზე მხილებულია 1 არასრულწლოვანი.
„დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 პირი დააკავეს, რომლებმაც დაბა ჟინვალსა და სოფელ არაგვისპირში ორი სააგარაკე სახლი გაქურდეს, ნაქურდალი ნივთები კი თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ბათუმში სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს რესტორან „ძველ გემში“, მობილური ტელეფონის და კომპიუტერული ტექნიკის ქურდობისთის, ხოლო გორში დაკავებულმა პირმა, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწრაფი გადახდის აპარატი გატეხა და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. კახეთში, აზერბაიჯანის მიერ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილმა, აზერბაიჯანის მოქალაქემ, გვიან ღამით, სოფელ მშვიდობიანიდან მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა მოიპარა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი არასრულწლოვანი ამხილეს, რომელმაც საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოდან საყოფაცხოვრებო ნივთები და სანადირო თოფი მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.