„რამდენიმე კვირაში სამაუწყებლო ბადეს დაემატება ახალგაზრდული სადისკუსიო პროგრამები რუსულ ენაზე, რისთვისაც უკვე გამოცხადებული გვაქვს კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბილინგვური ჯგუფის სტუდენტების შესარჩევად. ვმუშაობთ მუსიკალურ-შემცნებითი გადაცემის ფორმატზეც. ჩვენს მიერ წარმოებული გადაცემების გარდა, TOK TV-ს მაყურებლისთვის ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია, რომელსაც DW აწარმოებს. მაყურებელს ჩვენს ეთერში ასევე შეუძლია BBG-ს სატელევიზიო პროდუქციის ნახვაც, საინფორმაციო, გასართობი და შემეცნებითი პროგრამები. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ესტონეთის ტელემაუწყებლებთან, პროდუქციის გაზიარების თაობაზე. ცოტა ხანში პროგრამულ ბადეს დასავლური სერიალებიც დაემატება“,- უთხრა „რეგინფოს“ TOK TV-ის განვითარების მენეჯერმა ნინა ხელაძემ.
TOK TV სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ სიღრმისეულ რეპორტაჟებსა და ჟურნალისტურ გამოძიებებსაც თარგმნის და სამცხე ჯავახეთის მცხოვრებლებს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ახალი ტელეარხის მაუწყებლობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მთლიანად მოიცავს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გარდა. ტელეკომპანიის მიზანია რეგიონში რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეთნიკური სომეხია, დაახლოებით 80%-მა კი ქართული ენა არ იცის, კონკურენცია გაუწიოს რუსეთის არხებს და ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მიღებისა და გართობის ალტერნატიულ საშუალებად იქცეს.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ მთლიანად ჩავხსნით რუსულ არხებზე დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ წილ სარეველას ნამდვილად მოვთხრით. შევავიწროვებთ რუსეთის არხებს ადგილზე. ეს არის ჩვენი ამბიცია და ამას მოვახერხებთ“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი, TOK TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
2016 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსულ არხებს სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოსახლეობის 40 %-ზე მეტი უყურებს, ასევე მაღალია სომხური არხების ყურების მაჩვენებელი, ქართული ეროვნული მაუწყებლების მაჩვენებელი კი 10 %-მდეც ვერ აღწევს. რუსული არხებს შორის NTV და ORT ლიდერობენ.
მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 38 895 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 16 462 ადიგენში, 10 372 ასპინძაში, 45 070 ახალქალაქში, 25 214 ბორჯომში და 24 491 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ნახევარზე მეტი, 81 089 ადამიანი ეთნიკური სომეხია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 57 610 ადამიანი არ ფლობს ქართულ ენას.
ამ თემაზე:
პირველი რუსულენოვანი არხი სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას ახალ წლამდე დაიწყებს