weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

13:00 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მსჯავრდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

„იმედი მქონდა, მოსამართლეებს გონიერება ეყოფოდათ, მაგრამ მათ გონიერება არ გააჩნიათ. ისინი არიან დავალების შემსრულებლები. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. საკასაციო სასამართლოს მივმართავ, საიდანაც არც არაფრის იმედი არ გვექნება. ერთადერთი იმედი რჩება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ევროსასამართლოს ყველა გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილებაც იქნება მართლმსაჯულების ისტორიაში ერთი მუქი ფურცელი, ნიშანი იმისა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომას მსჯავრდებული არ ესწრებოდა.

„ჩვენ ველოდებოდით, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად ცნობდნენ დამნაშავედ იმიტომ, რომ წარდგენილი გვაქვს მტკიცებულებები. ერთი წლის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყველა კითხვას გასცა პასუხი, რომ გიორგი მამალაძემ ნამდვილად მოამზადა განზრახ მკვლელობა და შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს. ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, - აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 სექტემბერს მიუსაჯეს. პირველი ინსტაციის სასამართლოს ამ განაჩენთან დაკავშირებით მაშინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის წინააღმდეგ გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მამალაძემ მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დაკავებისას პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი გიორგი მამალაძე, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე“. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებდა.

დეკანოზ მამალაძის საქმიზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. მსჯავრდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]