სკოლებს ექნებათ ვალდებულება, მეორე სავალდებულო უცხო ენის ფარგლებში, მოსწავლეებს ასარჩევად მინიმუმ ორი ენა შესთავაზონ და ენების მაღალ დონეზე სწავლება უზრუნველყონ.
„სამინისტროს მიზანია, სკოლებში უცხო ენების სწავლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს. ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში, უცხო ენებს მომავალში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება“, – განაცხადეს სამინისტროში.
გუშინ გაზეთმა „რეზონანსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის სწავლება არა სავალდებულო, არამედ არჩევითი ხდება. გაზეთი წერს, რომ ამ ცვლილებას ითვალისწინებს სკოლის საათობრივ ბადესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგია. მასწავლებლების ინფორმაციით, საათობრივ ბადეში შესატანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს 18 იანვარს გამართულ თათბირზე გააცნო.
„ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ სკოლების დიდმა ნაწილმა შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად უარი თქვას რუსული, ფრანგული და გერმანული ენების სწავლებაზე. შესაბამისად, ამ საგნის პედაგოგთა დიდ უმრავლესობას ან გაკვეთილების რაოდენობა და ანაზღაურება შეუმცირდება, ან, უბრალოდ, სამსახურიდან დაითხოვენ“ – წერს „რეზონანსი“.
გამოცემის ინფორმაციით, ასამდე პედაგოგმა ამ საკითხზე წერილით განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მიმართა.