„ამ ეტაპზე არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო - დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ამ დროისთვის უცნობია იმ პირების ვინაობა, რომლებსაც თბილისის მერის დავალებით გაათავისუფლებენ.
31 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. 300 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეასრულა. კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევა სავარაუდოდ უხარისხოდ ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.