„ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის ნანა ბაგალიშვილის თქმით, მოხუცები ჩვენ საზოგადოებაში ყველაზე დავიწყებული ადამიანები არიან.
„უფრო მეტი წყვილის მოწვევა გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, „ცოდნის კაფეში“ მეტი ვერ დავტიეთ. ჩვენთან ძირითადად ახალგაზრდები დადიან, ახალგაზრდებს კი თავისი ბებია პაპები აქ არ მოჰყავთ.
მოხუცები სახლში გვყავს გამომწყვდეული. ნაკვეთში, მეზობელთან ან ეკლესიაში თუ გავლენ მხოლოდ. ჩემი თანატოლებიც ფიქრობენ, რომ ისინი სახლში უნდა ისხდნენ. როდესაც სოფლებში დავდიოდით და რამდენიმე ხანდაზმული წყვილი ვალენტინობისთვის „ცოდნის კაფეში“ მოვიწვიეთ, ისინი შვილიშვილებმა არ გამოუშვეს - კაფეში რა უნდათ, სახლში ისხდნენო.
მათი სახლიდან გამოყვანის მცდელობა გვქონდა და გვინდა, რაღაცნაირად ამ ძალადობასაც ვებრძოლოთ“, - უთხრა „რეგინფოს“ ნანა ბაგალიშვილმა.
ხანდაზმულმა წყვილებმა „ცოდნის კაფეში“ საკუთარი გაცნობის და დაოჯახების ისტორიები, ახალგაზრდობის ამბები გაიხსენეს, იცეკვეს და იმხიარულეს.
ნანა ბაგალიშვილი ამბობს, რომ მოხუცებს ძალიან მოეწონათ „ცოდნის კაფეს“ სიურპრიზი - ღვინის ბოთლებზე დატანებული მათი ახალგაზრდობის ფოტოები და მათივე სურათებით აწყობილი სლაიდშოუ: „იმდენად გახარებულები იყვნენ, გადავწყვიტეთ, რომ პერიოდულად მოვაწყოთ ასეთი ღონისძიებები“.
ვალენტინობა ცოდნის კაფეში საქართველოს ბანკის ფონდი „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმო „ჭკვიანი გემოს“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
„ცოდნის კაფე“ წნორში 2016 წელს გაიხსნა და ერთ სივრცეში აერთიანებს წიგნის მაღაზიას, კაფეს, თანამედროვე ბიბლიოთეკასა და შეხვედრების სივრცეს. „ცოდნის კაფე“ ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივამ“ შექმნა.