weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ქმნის

15:24 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ქმნის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს, არასათანადო მოპყრობისა და გადაცდომების საქმეებს გამოიძიებს.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი პარლამენტი იქნება.

მისივე თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ განვამტკიცოთ მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ და ამ კუთხით, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს. ასევე, განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში. მესამე ნაკადის რეფორმა მიმდინარეობს ასევე სასამართლო სისტემაში და ვფიქრობ,  ეს ახალი მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება - რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ შესაძლო გადაცდომებს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი მოკლე პერიოდში ამოქმედდება.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, დევნის ფუნქცია დარჩება პროკურატურაში, თუმცა კანონპროექტში ჩადებულია სხვადასხვა გარანტიები, კერძოდ, თუ ინსპექტორის გამომძიებელსა და ზედამხედველ პროკურორს შორის იქნება აზრთა სხვადასხვაობა დევნის დაწყებასთან დაკავშირებით, ინსპექტორს მთავარი პროკურორისადმი მიმართვის საშუალება ექნება, რომელიც ასეთი ტიპის კონფლიქტის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„არასამთავრობოების ტრადიციულ მოთხოვნაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მეორე დევნის ორგანო - პროკურატურა, პასუხი არის უარყოფითი. ჩვენ არც რაიმე საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს, არც ევროპული სტანდარტი არ არის ასეთი. როდესაც ისინი ამას ამბობენ, ვერ ასახელებენ ვერცერთ მაგალითს, სადაც ორი პროკურატურა არსებობს და ვერც ჩვენთან იარსებებს. ეს არც სწორია და არც გამართლებული კარგი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ის ინტერესთა კონფლიქტი, რაც შესაძლებელია არსებულიყო, როდესაც ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გამოიძიებს საქმეს, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე თავის თავი რომ არ შეამოწმოს, აქ ვფიქრობთ, უზენაესი სასამართლოს ფუნქცია გახდეს ასეთ საქმეებზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების სამივე შტოს და არასამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტებული შესარჩევი კომისია პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სახელმწიფო ინსპექტორობის 2-დან 5 კანდიდატს წარუდგენს. აქედან მთავრობა შეარჩევს ორს, გადაუგზავნის პარლამენტს და საბოლოოდ სახელმწიფო ინსპექტორს საკანონმდებლო ორგანო აირჩევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]