weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

18:47 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და პლენარულ სხდომაზე მის გატანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის წარდგენილ ვერსიას არ ეთანხმება სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115. კენჭისყრამდე, მოძრაობის წევრმა გიორგი სოფრომაძემ კანონპროექტს ფარსი უწოდა. მისი თქმით, ის ვერ ქმნის ეფექტურ მექანიზმს იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაღუპვის პრევენცია მოხდეს.

„ხმას აძლევთ იმ კანონპროექტს, რომელსაც არ ვეთანხმებით აქ მყოფი ბევრი ადამიანი. ეს არის ფარსი და ტყუილი, რაც გინდათ გაასაღოთ როგორც პროგრესული ნაბიჯი. ეს არ არის პროგრესული ნაბიჯი. ეს არის ხალხის დაღუპვის რიცხვის ზრდის წინაპირობა“, - მიმართა კომიტეტის წევრებს გიორგი სოფომაძემ.

„აუდიტორია 115“-ის წევრებმა სხდომაზე აქციაც მოაწყვეს და პლაკატები ასწიეს, რომელზეც „1209“ ეწერა. მათი თქმით, ბოლო ერთ წელში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას სწორედ ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

„ჩვენ მივუთითებდით, რომ სფერო უნდა ყოფილიყო უფრო ფართო ვიდრე ამას მთავრობა გვთავაზობდა და კანონი უნდა შეხებოდა ყველა დასაქმების ადგილს, თუმცა ეს შენიშვნა არ არის გაზიარებული. მეორე პრინციპული საკითხია აქვს თუ არა ინსპექციას სამუშაო ადგილებზე უპირობო შესვლის უფლება, ამ ნაწილშიც მთავრობამ ჩვენი მოთხოვნა არ გაიზიარა“, - ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.

კანონპროექტის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დღეს განაცხადა, რომ კანონპროექტის ახალ ვერსიაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, კერძოდ, გაითვალისწინეს შენიშვნა და შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის სანქციების ოდენობა 50 ათას ლარამდე გაიზარდა.

„ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება საკუთარი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი შრომის უსაფრთხოების მენეჯერის სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონი გაითვალისწინოს, რაც შემოწმებული იქნება ინსპექტირების გზით. კრიტიკა იყო, რომ სანქციის ოდენობა დაბალი იყო, ამიტომ გაორმაგდა სანქციების რაოდენობა წინა ვერსიასთან შედარებით“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

„კანონპროექტის რედაქცია ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რომ სამი თვის ვადაში მთავრობა ვალდებული იქნება, განსაზღვროს ის საქმიანობები და იმ დაწესებულებათა ნუსხა, რომლებზეც შრომის ინსპექტორის უფლებამოსილება გავრცელდება, ხოლო ბიზნესი სამი თვის ვადაში ვალდებული იქნება შეასრულოს კანონით დადგენილი ყველა რეგლამენტი, რის შემდეგაც შრომის ინსპექტორი თავის უფლებამოსილებას განახორციელებს“, - აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივნმა, შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება ისეთ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც სრულად მოიცავს ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობებს.

საკომიტეტო განხილვამდე ერთი დღით ადრე, 14 თებერვალს, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის ეფექტური მექანიზმის შემუშავების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობა ტრანსფარანტებით „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „შრომა სასიკვდილო განაჩენის გარეშე“, „მოვითხოვთ ქმედით შრომის ინსპექციას“, „აჯანყდი 1209“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან აქციით დასრულდა.

აქცია სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით გაიმართა და მას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა.

„სიცოცხლის დაცვას ვითხოვთ, რაც იქნება შედეგიანი. აქ საკითხი არის ერთი მიმართულებით - როდის იქნება შედეგი და ამ შედეგის დადგომამდე რამდენი ადამიანი შეეწირება იმ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც დღეს მთავრობა და ხელისუფლება ატარებს“, - განაცხადა მოძრაობა „მწვანე მუშტის“ აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ.

14 თებერვლის აქციას წინ უძღოდა მშენებლობაზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც თბილისში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი მშენებარე კორპუსიდან 26 წლის მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]