weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა, გამოვლენილია დაავადების 268 შემთხვევა

00:21 შაბათი, 17 თებერვალი 2018

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით წითელას 268 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 30 თბილისში, 197 კი აჭარაში დაფიქსირდა.

„ქვეყანაში წითელას აფეთქებაა. აქ დასამალი არაფერი არ არის. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში - 70-75% ამ რეგიონშია კონცენტრირებული. წითელას შემთხვევები თბილისშიც იმატებს. თითქმის ყველა რეგიონშია უკვე რამდენიმე შემთხვევა.

0-დან 1 წლამდე ასაკში წითელას შემთხვევების 17 %-ია კონცენტრირებული, რაც საკმაოდ საყურადღებოა იმიტომ, რომ სწორედ ამ ასაკში ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან და წითელა შეიძლება გართულდეს იმ ძალიან სერიოზული გართულებებით, როგორიც არის ფილტვების ანთება, პნევმონია, შუა ყურის ანთება, ენცეფალიტი და ა.შ.

წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში, აცრილი არიან თუ არა ბავშვები. ამავე დროს, წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე მოსახლეობას, განსაკუთრებით კი იმ ქალებს, რომლებიც ბავშვის გაჩენას აპირებენ, მოუწოდებს აცრები ჩაიტარონ.

„ქალბატონი, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წითელა მწვავე დაავადებაა, რომელიც მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. გადაეცემა ჰაერის გზით და შეუძლია გამოიწვიოს ეპიდემია. დაავადებისთვის დამახასიათებელია ცხელება, გამონაყარი, ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. წითელათი თანაბრად ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები.

წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა. 41 წლამდე მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში წითელათი ავადობის მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა 2004 და 2013 წლებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]