დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარების, ბზობის და ლაზარეს შაბათის დღესასწაულებზეა.
გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ. ეს არის დღეები, რომელიც ამზადებს ქრისტიანებს ბრწყინვალე აღდგომისთვის. მარხვაში ადამიანს ევალება ლოცვა გააძლიეროს.
დიდი მარხვის დაწყებამდე, 18 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ იქადაგა. მან მარხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარხვა ადამიანისთვის საიდუმლო უნდა იყოს და ის ამპარტავნობად არ უნდა გადაიქცეს.
„თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო. უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი მარხვა“.
მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა ადამიანი არის თავისებური თავისი ჯანმრთელობით, ოჯახური პირობებით, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით. ამიტომ ეს არის ძალიან თავისებური რამ და ყველა თავისებურად მარხულობს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს და მეც ჩემს მარხვაზე არ უნდა ვისაუბრო და ვიმსჯელო, თუ როგორ ვმარხულობ. მარხვა ეს არის სულის სიმდაბლის მოპოვების ერთერთი საშუალება“, - აღნიშნა მეუფე შიომ.
დიდი მარხვა წელს, 8 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.