ქალაქ თბილისის პროკურორად დაინიშნა მალხაზ კაპანაძე, რომელიც მანამდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანამდებობაზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (დეპარტამენტის) საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი დაინიშნა.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად დაინიშნა შოთა ტყეშელაშვილი, რომელიც მანამდე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
კახეთის საოლქო პროკურორის ვაკანტური თანამდებობა ლევან პაქსაშვილმა დაიკავა. დღემდე იგი აჭარის ა/რ პროკურორი იყო. კახეთის ყოფილი პროკურორი ვაჟა ფანოზიშვილი 2017 წლის 26 სექტემბრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად დაინიშნა ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, რომელსაც აქამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის პოზიცია ეკავა.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს ყოფილი რაიონული პროკურორი შოთა რიჟამაძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს, იგი მუშაობას საქართველოს მთავარი პროკურატურის აპარატში გააგრძელებს.