გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება ასევე: ქარელში, ხაშურში, კასპში, ერგნეთსა და გურიის რეგიონში ლანჩხუთში.
შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.
„ძალიან სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს, აქ, გორში, უნივერსიტეტში გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი. ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, რომ საჭირო იყო ოკუპაციის მუზეუმების გახსნა მთელი ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ, ვინაიდან თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდებს ახსოვდეთ ოკუპაცია, იმიტომ რომ არასოდეს შეურიგდნენ ოკუპაციას და ჩვენ უნდა შევძლოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაცია. თუმცა ის, რაც გააკეთა ოკუპანტმა უნდა დარჩეს მუდმივად ჩვენს მახსოვრობაში, რომ არასდროს დავუშვათ შეცდომა ოკუპანტთან ურთიერთობაში, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ოკუპანტი რამეზე დაიხევს უკან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდმა „ქართლოსი“ განახორციელა.