თბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვამდე აქციის მონაწილეებს გზა ნატახტართან ჰქონდათ გადაკეტილი. მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდათ, რომელმაც თქვა, რომ გადადგმულია ყველა ნაბიჯი, "თუმცა როცა საქმე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს".
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელებმა არჩილ ტატუნაშვილის მამა სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს.
აქციის გამო ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილება პარალიზებულია და რამდენიმე კილომეტრიანი რიგები დგას.
არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 23 თებერვალს ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანისას კიბეზე დაგორდა და საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. მოგვიანებით, საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა ე.წ. ინფარქტი დაასახელა. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ტატუნაშვილი ციხეში გადაყვანამდე გარდაიცვალა და ის ნაცემი იყო.
ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და ვიდრე რუსეთიდან პასუხს არ მიიღებენ, მისი გადასვენება არ მოხდება.