სავაჭრო ცენტრ „თერგში“ განთავსებული მაღაზიების მფლობელები ირწმუნებიან, რომ შენობაში ელექტრო სისტემა ახალი გამოცვლილია და გამორიცხულია, ცეცხლის გაჩენის მიზეზი სადენების გაუმართაობა გამხდარიყო. მათივე თქმით, შენობაში ღამის განმავლობაში დაცვის სამსახური მორიგეობდა.
„სავაჭრო ცენტრი არის ძალით გადამწვარი. ამ ადგილით ივანიშვილი იყო დაინტერესებული. როგორც „ბავშვთა სამყაროს“ ადგილზე უნდა „კარფური“ ააშენოს, ისე ჰქონდა ამისი ინტერესი. იგივე ხალხი გადმოვიდა და იგივეს უკეთებენ. ელექტროსისტემა კარგად გამართულია და ღამით აბსოლუტურად ყველაფერი ითიშებოდა“;
„მეორად ტანსაცმელს ვყიდდი. შენობიდან ღამის 9 საათზე გამოვედი. იქ არანაირი საშიშროება არ იყო. მთელი ღამე დაცვა დადიოდა. ელექტროენერგიის გაყვანილობა ახალი გამოცვლილი იყო. ერთადერთი ნათურები იყო, რომლებსაც დაცვა მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდა. როგორ შეიძლება, ყველგან ჩნდებოდეს ხანძარი?“;
„ელექტროენერგიას ვთიშავთ და ისე გავდივართ. ჩვენ იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ ქალაქს ღამით წვავენ, ვფრთხილობდით. რა მოხდა, რისგან გააჩინეს ცეცხლი, არ ვიცით. რატომ კაზინო არ იწვება? რატომ „კარფური“ არ იწვება?“
- ამბობენ სავაჭრო ობიექტების მფლობელები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე 24 სახანძრო სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებლი და ხანძრის ჩასაქრობად 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. მღებრიშვილის თქმით, შენობაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები და სავარაუდოდ, შესაძლებელია დადგენა, საიდან გავრცელდა ცეცხლი. მღებრიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
სავაჭრო ცენტრი „თერგი“ ახლოს არის „ბავშვთა სამყაროსთან“, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწვა.