გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ალხანაშვილი მოკლა ქილერმა, რომელიც კალაშოვის ახლო გარემოცვის წევრმა სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა.
36 წლის დათო ალხანაშვილი 22 დეკემბერს მოკლეს. ახლობლების ინფორმაციით, ის რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი ზურგში ესროლეს. დაჭრილი ალხანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დათო პანკისკი“ შესაძლოა კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის, იგივე „შაქრო მოლოდოის“ კლანის წევრებმა მოკლეს. თურქული მედია წერდა, რომ ალხანაშვილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო და 2011 წელს, „შაქრო მოლოდოის“ ნათესავზე დავით ოზმანოვზე (დათო კრასნოდარსკი) თავდასხმაში მონაწილეობდა.
დავით ალხანაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში დაკრძალეს.