weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ანტიოსურმა განწყობამ საქართველოში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - დე ფაქტო ხელისუფლება

14:20 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც ე.წ. უწყებაში განაცხადეს, ანტიოსურმა ბაკქანალიამ, რომელიც ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოში მოჰყვა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მათივე თქმით ქართველი პოლიტიკოსები ამ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

„მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი სიმშვიდის შენარჩუნებისა და სიტუაციის საღად შეფასებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი ურცხვად იყენებს ამ საკმაოდ მგრძნობიარე თემას საქართველოს შიდა კონკურენტულ პოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად. ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თითქოს დავიწყებული ექსტრემისტული მოწოდებების დაბრუნება მოწმობს იმაზე, რომ აგრესიული რევანშიზმი სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში არასოდეს არ გამქრალა ქართული პოლიტიკური დღის წესრიგიდან“, - აღნიშნულია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და აჩვენა ქართული საზოგადოების რეალური განწყობა ოკუპირებული ცხინვალის მიმართ.

„მიმდინარე მოვლენებს ჩვენ ვაფასებთ, როგორც თანამედროვე ქართული საზოგადოების მდგომარეობის ობიექტურ მაჩვენებელს და სამხრეთ ოსეთისადმი მათ რეალურ განწყობას. გაჩაღებულმა ანტიოსურმა ბაკქანალიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ტატუნაშვილის საქმემ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. დღეს საქართველოში კეტავენ გზებს, ღიად ემუქრებიან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და აგრძელებენ რუსეთის მისამართით „ოკუპაციაში“აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებების წაყენებას.

ამ ისტერიის ფონზე რიგი სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მათ შორის ჟენევის დისკუსიის მონაწილეები, აგრძელებენ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილით „შეშფოთების“ შესახებ განცხადებების გაკეთებას, რითიც არსებული ვითარების გამწვავებას უკეთებენ პროვოცირებას. მათი პოზიციის გაგება  შესაძლებელია - უზარმაზარმა ფინანსურმა რესურსმა, რომელიც საქართველოს დონორების მიერ „შერიგების“ პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯა, შედეგი არ მოიტანა“, - ვკითხულობთ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. უწყებაში დააზუსტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს მას შემდეგ გადასცემენ, რაც მომხდარის სრული სურათი აღდგება და დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა. ოსური მხარის განცხადებით,ის ცხინვალის იზოლატორში გადაყვანის დროს კიბეზე დაგორდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ საათში გარდაიცვალა. დე ფაქტო ხელისუფლება გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობას ასახელებს. ცხედარი ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადმოუციათ. ამ მოთხოვნით გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, 26 თებერვალს, მცხეთასთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]