weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანტიდასავლური მიმართვის ხელმომწერების ნაწილი აცხადებს, რომ მათი ხელმოწერა გაყალბებულია

22:38 ხუთშაბათი, 01 მარტი 2018

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ, პოეტმა რეზო ამაშუკელმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ, მწერალმა თამაზ წივწივაძემ, მსახიობმა გოგი ხარაბაძემ, „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე მიმართვა გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ პროდასავლურმა პოლიტიკამ და ნატოსკენ ქართველების სწრაფვამ, მეზობელ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები გაართულა.

მიმართვის ტექსტი სოციალურ ქსელში ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა.

„გვაქვს პატივი, გაცნობოთ, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. პირველი ქართული სახელმწიფო, კოლხეთის სამეფო 3 500 წელზე მეტი ხნის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ქართველები, მსოფლიოს სხვა, ძველ და შედარებით ახალგაზრდა ერებთან ერთად ქმნიან მსოფლიო ცივილიზაციას, მეცნიერებასა და კულტურას, თავგანწირვით იბრძვიან ენის, მამულის და სარწმუნოების გადასარჩენად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ამ ხანგრძლივი ბრძოლის გზაზე გვქონია დანაკარგები და დაკარგულიც დაგვიბრუნებია, გვყოლია ურიცხვი მტერი და სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეებიც, რომლებისთვისაც ჩვენ, ქართველებს, არასდროს გვიღალატია.

ოთხმოციანი წლების მიწურულს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო ყველაზე მძლავრი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკას წარმოადგენდა, მისი ხალხი მდიდარი იყო და მოსახლეობის რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა.

პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა, შექმნა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და შეაფერხა ქვეყნის განვითარება, ხალხი გაღატაკდა და მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონზე დაბლა ჩამოვიდა.

მიუხედავად ამისა, ქართველებს არცერთხელ არ უღალატია ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით თავად სამხედრო ალიანსზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის დიდი იმედგაცრუება. თუმცა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა აშშ-ს საელჩოს და მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტის, ბატონი ლუქ ქოფის შემოთავაზებამ, საქართველოს გაწევრიანებაზე ნატოში, ალიანსის წესდების მე-5 და მე-6 მუხლების, ანუ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.

საქართველომ, ცალმხრივად, ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გაიღო ნატოსთან პარტნიორობის გამო. მიგვაჩნია რომ მოკავშირეობა ორმხრივი უნდა იყოს. ამიტომ შემოთავაზება უკიდურესად არაკორექტულია და არ შეეფერება მოკავშირეებს შორის ურთიერთობებს.

უფრო მეტიც, გაიზრდება რისკები და სამხედრო კონფლიქტის საფრთხე დაემუქრება ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიებსაც, ხოლო ასეთ შემთხვევაში როგორ დახმარებას შეიძლება ველოდოთ, ჩვენ უკვე გვაქვს 2008 წლის გამოცდილება.

ნატო სამხედრო ალიანსია. მისი წევრობა, პირველ რიგში სწორედ უსაფრთხოების გარანტიების ილუზიის გამო იზიდავდა საქართველოს მოსახლეობას და თუ ეს გარანტიები არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალზე, მაშინ საინტერესოა რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ გაწევრიანებამ ხალხს და სახელმწიფოს“, - ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერებს მიმართვა დიპლომატიური უწყებებისთვის ოფიციალურად არ გაუგზავნიათ.

მიმართვას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის, მხატვარ თემო გოცაძის და მსახიობ გოგი ქავთარაძის ხელმოწერებიც აქვს, თუმცა განცხადების გავრცელების შემდეგ კვესიტაძემ განმარტა, რომ მისი ხელმოწერა გაყალბებულია. გოგი ქავთარაძემ განაცხადა, რომ ასეთ წერილზე მას ხელი არ მოუწერია. საკუთარი ხელმოწერა უკან გაითხოვა თემო გოცაძემაც იმ ახსნით, რომ მან არ იცოდა, განცხადება ამ შინაარსით თუ ვრცელდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]