weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში შესაძლოა იაპონური კრაზანა შემოიყვანონ

00:29 შაბათი, 03 მარტი 2018

როგორი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს იაპონურმა კრაზანამ საქართველოში აზიურ ფაროსანაზე - ამ საკითხს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ევროპელ კოლეგებთან ერთად შვეიცარიაში სწავლობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ აზიურ ქვეყნებში, ბაღლინჯოს ბუნებრივი მტერი, ძირითადად იაპონური კრაზანაა. მისივე თქმით, ამ მწერის საქართველოში შემოყვანა კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

იაპონური კრაზანა, მილიმეტრნახევრიანი ზომის მწერია. ის აზიური ფაროსანას კვერცხის პარაზიტია. სპეციალისტების ინფორმაციით, ჩინეთსა და კორეაში კრაზანა შემთხვევების 90%-ში მხოლოდ ფაროსანას კვერცხს აზიანებს.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მექანიზმების შემუშავების მიზნით, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორიის გადაიარაღება მიმდინარეობს.

ანასეულის ლაბორატორიის სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალისტები არიან გაერთიანებული.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს. წელს მავნებლის მასობრივად გავრცელება აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც არის მოსალოდნელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]