weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ასპინძაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს ბანგლადეშის 2 მოქალაქე გაიყინა

20:45 კვირა, 04 მარტი 2018

ბანგლადეშის ორი მოქალაქე საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის დროს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნიალას ველზე თოვლში გაიყინა და გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

საზღვრის გადაკვეთას ბანგლადეშის 6 მოქალაქე ცდილობდა. ერთ-ერთი მათგანი, 26 წლის მამაკაცი ქართველმა მესაზღვრემ იპოვა და სიკვდილს გადაარჩინა. მომხდარის დეტალები გადარჩენილმა მამაკაცმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში მოყვა.

ბანგლადეშის მოქალაქე სახელად პროდიპი ამბობს, რომ თურქეთში არალეგალურად გადასასვლის მიზნით, საქართველოში მცხოვრებ თანამემამულეს, სახელად კაჯარს დაუკავშირდა და 2500 დოლარი გადაუხადა. ორი თვე თბილისში, კაჯარის მიერ ნაქირავებ ბინაში სხვა უცხოელებთან ერთად ცხოვრობდა. თურქეთში გადასასვლელად ბანგლადეშის ექვსი მოქალაქე და ორი ქართველი გამცილებელი თბილისიდან 17 თებერვალს გავიდნენ. პროდიპის თქმით, ბოლო ქალაქი რომელიც ავტომანქანით გაიარეს, ბორჯომი იყო. ბორჯომიდან რამდენიმე კილომეტრში, ტყეში, გამცილებლებმა მათ უთხრეს, რომ თურქეთის საზღვრამდე ორი საათის სავალი გზა იყო დარჩენილი.

„ძლიერი თოვა ხელს გვიშლიდა. გზას ვერ ვხედავდით. რამდენჯერმე გავჩერდით დასასვენებლად. ერთ-ერთ ასეთი გაჩერებისას ჩაგვეძინა. რომ გავიღვიძე, ჩემი ორი თანამგზავრი მკვდარი იყო. ალბათ გაიყინნენ. ერთი ჩემი ბიძაშვილია, მეორე მეგობარი. ცხედრები დავტოვეთ და გზა განვაგრძეთ".

„მერე გამცილებლებმა გვითხრეს, რომ საჭმლის მოსატანად წავიდოდნენ და 3 დღეში უკან დაბრუნდებოდნენ. ჩვენ ოთხმა გზის გაგრძელება მათ გარეშე გადავწყვიტეთ. გზაში გონება დავკარგე და როცა გონს მოვედი, ირგვლივ არავინ იყო. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ძალა არ მეყო. თოვლში ქართველმა მესაზღვრემ მიპოვა. მან სიცოცხლე მაჩუქა. მინდა ყველა გავაფრთხილო, არ ჩამოვიდნენ და არ დარჩნენ საქართველოში მოუწესრიგებელი დოკუმენტებით, არ გაიმეორონ ჩემი შეცდომა“, - ამბობს პროდიპი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 თებერვალს, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო ზონაში პატრულირებისას, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე შეაჩერეს. შეჩერებული მოქალაქე ფიზიკურად სუსტ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

„ბანგლადეშის მოქალაქის მოწმის სახით გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციით, ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა. მისივე თქმით, საზღვრის გადაკვეთა იგეგმებოდა ჯგუფურად, თუმცა ჯგუფის ორი წევრი, მძიმე კლიმატური პირობების გამო, გზაში გაყინვის შედეგად გარდაიცვალა, სამი მათგანი კი მისთვის გაურკვეველი მიმართულებით გაემართა. 28 თებერვალს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში აღმოჩენილია 2 გვამი“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიალას ველის გავლით თურქეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობისას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათეულობით მოქალაქე ჰყავს დაკავებული. საქართველოს 2, უზბეკეთის 1 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე გასულ კვირას დააკავეს. იგივე ბრალდებით თებერვლის დასაწყისში თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს, იანვრის ბოლოს კი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]