„ეს დღე სამგლოვიარო დღეა, მაგრამ ჩვენთვის მაინც ღირსშესანიშნავია იმიტომ, რომ გავიდა 65 წელი და ეს დიდებული პიროვნება არ ავიწყდებათ“, – განაცხადა „კომუნისტური პარტიის“ წარმომადგენელმა ნაზი სტეფანიშვილმა.
„სტალინის ძეგლის დაბრუნებას ყველა ჩვენს ღონისძიებაზე ვითხოვთ. 24 ათასი ხელმოწერა შევაგროვეთ, რომელსაც უახლოეს დღეებში ქალაქის მერს წარვუდგენთ და მოვთხოვთ, აუცილებლად განიხილონ იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი. დიდი სირცხვილია, რომ ეს უდიდესი ქართველი ასეა მიტოვებული და პატივაყრილი, სრულიად დაუმსახურებლად. რაც შეეხება აქ შეკრებილი ხალხის რაიოდენობას, ჩვენ არავინ მოგვიწვევია. ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ ეს დღე აღინიშნოს, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს საკითხი ყოველთვის წინა პლანზე იქნება წამოწეული“, – განაცხადა „კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ალეკო ლურსმანაშვილმა რადიო „თავისუფლებასთან“.
სტალინის მუზეუმთან შეკრებილებმა ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც იოსებ სტალინის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.
საბჭოთა დიქტატორი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი 1878 წელს გორში დაიბადა, 1953 წლის 5 მარტს კი მოსკოვში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
სტალინის გარდაცვალების დღეს გორში ყოველ წელს აღნიშნავენ.