weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის მერი - სვანეთში აქციები მალხაზ უდესიანის მიერ არის ორგანიზებული

12:46 სამშაბათი, 06 მარტი 2018

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, სვანეთში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციები მალხაზ უდესიანის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მისი კონკურენტი იყო. კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, დაინტერესებულ ჯგუფს იმპიჩმენტის გზით მესტიის მერის თანამდებობიდან მისი გადაყენება სურს.

„ჰესების მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა საწადელ მიზანს არჩევნების გზით ვერ მიაღწია. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემით, როგორიც არის ჩვენი გარემო, აპელირებს და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სწორედ ის ჯგუფი, რომელიც 2017 წლის არჩევნებში დამარცხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები პროექტის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს გამართულ პირველ შეხვედრაზე გამოიჩენდნენ და არა მას შემდეგ, რაც პროექტის სამუშაოების 65 % შესრულდა. გვჯერა, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმრავლესობას მართლაც გული შესტკივა მუნიციპალიტეტზე და მხოლოდ გულწრფელი ემოციები ამოძრავებს, თუმცა ყველას მოვუწოდებ, არ გახდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წარმართული პოლიტიკური თამაშის მონაწილეები“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, ორგანიზაციად რეგისტრირებული არ არის და ძირითადად უდესიანის მხარდამჭერები არიან. „მესტიაში ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ჩემს მიერ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების გამოძახება და მობილიზება, რაც ტყუილია. ამ ბინძურ მეთოდს მოწინააღმდეგეები წინასაარჩევნოდ მუდმივად იყენებდნენ, თუმცა სვანეთის მოსახლეობამ მაშინაც გამოიჩინა კეთილგონიერება“, - ამბობს ჟორჟოლიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვები 4 წლის წინ დაიწყო და რამდენჯერმე გაიმართა: „იმ პერიოდში ეს შეხვედრები უინტერესო აღმოჩნდა იმ პირებისთვის, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული პროექტის განხორციელებას. დაბა მესტიაში შექმნილი „რჩეულთა საბჭოს“ მოთხოვნით ორჯერ დაიგეგმა დამატებითი შეხვედრა „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნით გამართულ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო, შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს კომპანიის მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა“.

კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება ადგილობრივი კადრებიდან ჰესის მომსახურე პერსონალის შერჩევა, გადამზადება და დასაქმება. ასევე,მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, წინასწარი გათვლებით, პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს 1 500 000 ლარით გაზირდება.

სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 4 მარტს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ერთობლივი მიმართვა შეიმუშავეს საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახალხო დამცველის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სახელზე. ადგილობრივები ითხოვენ, მათთან შეთანხმების გარეშე სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აიკრძალოს.

„რეგინფომ“ მალხაზ უდესიანთან დაკავშირება ამ დროისთვის ვერ მოახერხა. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ცინდელიანი კი ამბობს, რომ მათ არავინ მართავს და ვერც მერი, ვერც მაჟორიტარი და ვერავინ ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. „სვანეთს არავის დავუთმობთ გასანადგურებლად. ეგენი დღეს არიან ხელისუფლებაში, ხვალ აღარ იქნებიან, ჩვენ აქ ვრჩებით და არსად წასვლას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ცინდელიანმა.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მესტიის მერობის კანდიდატმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა ამომრჩეველთა ხმების 61.44% (3265 ხმა)მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა მალხაზ უდესიანმა კი 38.56 % (2049 ხმა).

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დაყენება შეუძლია საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20 %-ს. მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 8496 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. უნდობლობის გამოცხადება იწვევს მერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]