აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას.
„სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება.
დაგეგმილ ჭადრაკის ოლიმპიადას მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება შეიძლება დავარქვათ. 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში.
ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ბათუმი ღირსეულად უმასპინძლებს ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ახლა ხედავთ სამუშაოების მიმდინარეობას ახალი სპორტული სივრცის შექმნის თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, რომელიც გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს“ მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ეს არის ჩვენი მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის მიმართულებით“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.