weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები 14 საეჭვო სიკვდილის გამოძიებას ითხოვენ

16:11 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ემბერ რადს მოსთხოვეს, საფუძვლიანად გამოიძიოს 14 პირის საეჭვო ან მოულოდნელი სიკვდილი, რომელიც სამართალდამცავებმა საეჭვოდ არ მიიჩნიეს, თუმცა, აშშ-ის სპეცსამსახურების შეფასებით, მათ შესაძლოა პოტენციური კავშირი ჰქონდეთ რუსეთის სახელმწიფოსთან. ამ 14 ადამიანს შორის ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც არის, რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების მოთხოვნას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტი.

14 ადამიანის საეჭვო გარდაცვალება, რომელზეც ბრიტანეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ივეტ კუპერმა ისაუბრა, შესულია გამოცემა BuzzFeed-ის მიერ 2017 წლის ზაფხულში გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში. გამოძიების ავტორებს მიაჩნიათ, რომ 14 ადამიანის სიკვდილს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან ან მაფიოზურ ჯგუფებთან, თუმცა, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ გარდაცვალების ეს ფაქტები აღიარა თვითმკვლელობად ან უბედურ შემთხვევად, რათა რუსეთთან უთანხმოება თავიდან აეცილებინა.

„ქართველი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბორის ბერეზოვსკის საქმიანი პარტნიორი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი იყო. 2001 წლამდე ის ბიზნესსაქმიანობას რუსეთში ეწეოდა, 1995-2001 წლებში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ტელეკომპანიებში „ო ერ ტე“-სა და „ტვ-6“-ში. 2001 წლის ივლისში, რუსეთის მთავარმა პროკურატურამ მას ბრალი დასდო კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის ციხიდან გაქცევის ორგანიზებაში. ამის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში გაემგზავრა, რუსეთის ხელისუფლებამ კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. რუსეთის მცდელობის მიუხედავად საქართველომ პატარკაციშვილის გადაცემაზე უარი თქვა. 2008 წლის იანვარში ბადრი პატარკაციშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში და ხმების რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა. იმავე წლის თებერვალში ის ლონდონში, საკუთარ სახლში გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა“, - წერს „ბი ბი სი“.

იმ პირებს შორის, რომელთა გარდაცვალების მიზეზის გამოძიებასაც ბრიტანელი კანონმდებლები ითხოვენ, არის ბორის ბერეზოვსკისთან კავშირის მქონე ბრიტანელი ბიზნესმენი სკოტ იანგი, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ლონდონში, მეგობარი ქალის საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა. ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმის გამოძიებაში ჩართული, რადიაციის საკითხების ექსპერტი მეთიუ პანჩერი. მისი გვამი მრავალრიცხოვანი ჭრილობებით, 2016 წლის მაისში იპოვეს. პოლიციამ დაასკვნა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო. The Times-ის ჟურნალისტი დენიელ მაკგრეგორი, რომელიც ლიტვინენკოს გარდაცვალების შესახებ წერდა. ის გარდაიცვალა რამდენიმე დღით ადრე იმ დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლამდე, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელს შეეხებოდა. 2007 წლის იანვარში ლონდონში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს კომპანია „იუკოსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიხაილ ხოდორკოვსკის პარტნიორი იური ლებედევი. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა. 14 პირს შორისაა რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი, რომელიც 2013 წლის 23 მარტს, ბერკშირის საგრაფოში ყოფილი მეუღლის სახლში იპოვეს გარდაცვლილი. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, პრაქტიკულად გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ არ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ 67 წლის ბერეზოვსკის გარდაცვალებაში ვინმე იყო ჩარეული. მისი სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე არ არის დადგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]