„თითოეული მავნებლის განადგურება მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, გაზაფხულზე, ვიდრე ის გამოვა და დაიწყებს კვერცხის დადებას. მნიშვნელოვანია თუ შინაური ფრინველები მიირთმევენ მას. ეს არის პროტეინის წყარო და ცხადია, შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც. რაც შეეხება ამ ფრინველის ხორცის ვარგისიანობას, მის სუნსა და ფერს, ეს არის ინდივიდუალური აღქმის საგანი. ზოგადად, რა საკვებსაც მიირთმევს ესა თუ ის ცხოველი ან ფრინველი, ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს მის ხარისხობრივ თვისებებს. ამიტომ, ეს ინდივიდუალურად შესაფასებელია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გასულ წელს, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ქათმებსა და ინდაურებს იყენებდნენ. წელს მავნებელი მწერის წინააღმდეგ საბრძოლველად მისი ბუნებრივი მტრის, იაპონური კრაზანის შემოყვანის საკითხი განიხილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, ბუნებრივი მტრის შემოყვანამდე, საჭიროა ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, რაც ჯერ არ დაწყებულა.