როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მოქალაქეების შეტყობინებები ძირითადად ხეების წაქცევის, შენობა-ნაგებობების, ბილბორდებისა და ელექტრობოძების დაზიანების შემთხვევებს შეეხებოდა.
ძლიერი ქარის გამო თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, საცხოვრებელი კორპუსის მე-13 და მე-14 სართულებიდან მინები ჩამოვარდა, ავალიშვილის ქუჩაზე კი ხე გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა.
9 მარტს, 16:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად თბილისში 54 საცხოვრებელი სახლი, 68 ხე, 7 გარე განათების ბოძი , 43 ელექტროსადენი, 6 - ავტომანქანა, 5 გაზის ცენტრალური მილი და 6 სარეკლამო ბანერი დაზიანდა.
რაც შეეხება რეგიონებს, შიდა ქართლში დაზიანდა სამი, ხოლო აჭარაში ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში წვიმის შედეგად ჩამოიშლილია მიწა, დაზიანებულია ხეები და ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად გზა ჩაიხერგა. მარტვილში მდინარე ტეხურა ადიდდა, რის გამოც დატბორილია მიმდებარე ტერიტორია; მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად დაზიანებულია ერთი საცხოვრებელი სახლი.
ამ დროისთვის სტიქიის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.