განახლებული პროფესიული პროგრამების დანერგვისა და შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობის განხილვის მიზნით, თელავის უნივერსიტეტს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის მინისტრები, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ესწვივნენ. სტუმრებმა ის ობიექტები დაათვალიერეს, სადაც რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სასწავლო-პრაქტიკული სამუშაოები ჩატარდება.
„კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი ტიპის სასწავლო პროფესიული დაწესებულების დაარსება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან იმ რეფორმების ფონზე, რაც ქვეყანაში აგრარული მიმართულებით ხორციელდება, კახეთი პროფესიული კადრების დეფიციტს განსაკუთრებით განიცდის“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, მთავრობის ძალისხმევით და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი მჭიდრო ვადებში განხორციელდება. სასწავლებელი მომავალშიკახეთის სავიზიტო ბარათი გახდება, სადაც თანამედროვე გარემოში, ულტრათანამედროვე ლაბორატორიებში, სასწავლო/საცდელ ნაკვეთებსა თუ კერძო კომპანიებში პრაქტიკული კურსის გავლის შედეგად, მაღალკვალიფიური სპეციალისტები მომზადდებიან.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში, სადაც რეაბილიტაციისა და აღჭურვის შემდეგ ახლი კოლეჯი განთავსდება, მომავალში შესაძლებელი გახდება აგრარული მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებიც ამოქმედდეს, აქვე იქნება ყველა პირობა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.