„საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის. დაშავებულებს შორის არ არიან ბავშვები. გუდაურში გადაუდებელი დახმარების კარგად აღჭურვილი კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე პაციენტების გადმოსაყვანად უკვე ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება შეფასება. ამ ორ პაცინეტს, სავარაუდოდ, გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედთან“.
გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 8 ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
სამინისტროს ცნობით, მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ ექსპერტები გამოაგზავნონ.