weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პროკურატურამ კლინიკა „ლანცეტის“ ერთ–ერთი მფლობელი ფარმან ჯეირან ლი დააკავა

17:40 ორშაბათი, 22 მაისი 2017

სამედიცინო ცენტრი „ლანცეტის“ ერთ–ერთი მფლობელი ფარმან ჯეირან ლი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ „ლანცეტს“ გასული წლის ნოემბერში ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებართვა შეუჩერა. საქმე ეხება კლინიკაში ორი პაციენტის გარდაცვალებას.

ერთ–ერთი გარდაცვლილი გიორგი ჩუბინიძეა, რომლის ოჯახის ინტერესებსაც „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა. ცენტრის ინფორმაციით, გიორგი ჩუბინიძემ 2016 წლის 12 თებერვალს კლინიკა „ლანცეტს“ ღვიძლის პრობლემით მიმართა, სადაც უფასო კონსულტაციებს უცხოელი ექიმები ატარებდნენ. გასაუბრების შემდეგ, ექიმმა მირჯალარ კიარიმიმ მას განუცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია, რადგან ღვიძლის კარის ვენაში თრომბი დადგინდა.

„ღვიძლის პრობლემა გიორგი ჩუბინიძეს 7 წელი აწუხებდა. 2014 წელს მას ესპანეთში ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევები და დაუდგინდა ღვიძლის ცეროზი. განმეორებით გამოკვლევებზე ესპანეთში ჩავიდა 2015 წელს. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა და სტაბილური იყო, მას განუმარტეს, რომ 6 თვის განმავლობაში არანაირი სამედიცინო ჩარევა აღარ იყო საჭირო. კლინიკა „ლანცეტში“ კი ექიმები არწმუნებდნენ, რომ ფიქრისა და ესპანეთში კიდევ ერთხელ გადაფრენის დრო აღარ ჰქონდა, რადგან აუცილებელი იყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.

ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხა, კერძოდ კი, 40 000 აშშ დოლარი არ ჰქონდა, მაგრამ კლინიკაში განუმარტეს, რომ მათ „შეღავათს გაუკეთებდნენ“. 2016 წლის 7 მარტს, გიორგი ჩუბინიძეს სანოტარო წესით გააფორმებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ ნამდვილად აქვს გიორგი არჩვაძის ვალი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მოხსენიებული კლინიკა „ლანცეტი“ და არც ვალის დანიშნულება. არ არის აღნიშნული, რომ გიორგი არჩვაძე კლინიკის თანამშრომელია.

„სასწრაფო ოპერაციისათვის“ პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს გადასხმის აპარატი მოუხსნეს და 22:00 საათზე ნოტარიუსთან გადაიყვანეს სესხის გასაფორმებლად. დილით კი ჩაუტარეს ღვიძლის ტრანსპლატაცია. ოპერაციიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გართულდა, დაეწყო სისხლდენა და შეუშუპდა სახე, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ოპერაციამდე გიორგი ჩუბინიძეს ძვირადღირებული ანალიზებიც ააღებინეს, რამდენიმე ნიმუში გერმანიაშიც გადაგზავნეს, მაგრამ პასუხებს არ დაელოდნენ, რაზეც ექიმმა აღნიშნა, რომ საჭირო არ იყო ანალიზის პასუხისთვის დალოდება“, – ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ლანცეტის“ ერთ–ერთი მფლობელის დაკავების თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]