გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა მოიცავს მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის (თხა, ცხვარი) დარგის კოოპერატივების ხელშეწყობას.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.
პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. თუ კოოპერატივის ან/და მის მეპაიეების საკუთრებაშია არანაკლებ 200 სული თხა (ნეზვი), გადაეცემა 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივის ვალდებულებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადასაცემი დანადგარები.
მეცხვარეობის კოოპერატივებს თანადაფინანსებით ღირებულების 30%-ად, მობილური ტიპის 24-ადგილიანი საწველი აღჭურვილობის გადაეცემა, თუ კოპერატივს ან/და მის მეპაიე(ებ)ს საკუთრებაში გააჩნიათ არანაკლებ 1000 სული ცხვარი (ნერბი).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საშუალება ეძლევათ რძე სტანდარტების დაცვით მიიღონ, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის გაზრდით კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.