weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რა ცვლილებები შედის კანონმდებლობაში „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

12:15 სამშაბათი, 20 მარტი 2018
ფოტოზე ნათია მეზვრიშვილი ფოტოზე ნათია მეზვრიშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის სისხლისსამართლებრივი ნორმების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ექვსი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რისი ავტორიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ითვალისწინებს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას.

„საკანონმდებლო პაკეტმა გააფართოვა იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად უნდა იქნეს მიჩნეული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ. მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელიც ითვალისწინებს დასჯადობას ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის. კანონიერი ქურდობა ხდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშული, ასევე ცალკეული განსხვავებული მიდგომები შემოგვაქვს აღნიშნული კანონპროექტით და ქმედებებს ვსჯით არა უშუალოდ მათი ჩადენის მომენტიდან, არამედ მომზადების ადრეული ეტაპიდან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ახალი ინიციატივის თანახმად, კანონპროექტით „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ არსებითად იცვლება „ქურდული სამყაროს“, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები და ამასთან, ემატება ისეთი ტერმინები, როგორიცაა: „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.

ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული დეფინიციები ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„ქურდული სამყარო“ – პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობა  – „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, „ქურდული შეკრების/გარჩევის“ გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ ან სხვა პირისთვის სარგებლის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება.

„ქურდული სამყაროს“ წევრი  – პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე, პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ.

„კანონიერი ქურდი“ – პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირთა გარკვეულ ჯგუფს.

„ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.

„ქურდული შეკრება“ – ორი ან მეტი პირის შეკრება ან ნებისმიერი ფორმით დაკავშირება (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით) „ქურდულ სამყაროში“ პირთა გაწევრიანების ან წევრობის შეწყვეტის ან სტატუსის შეცვლის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის ან ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

შესაბამისი ცვლილებები, გამკაცრების კუთხით, შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, კერძოდ: „ქურდული სამყაროს“ წევრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; „კანონიერი ქურდობა“ – თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე; „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე; ნებისმიერი ქმედება ჩადენილი პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და სურდა ან უშვებდა, რომ თავისი აქტიური ქმედებით ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე; პირის მიერ „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა „ქურდული გარჩევის“, ან მის ან სხვა პირის სასარგებლოდ ნებისმიერ პირზე ან ნებისმიერი პირის გადაწყვეტილების მიღებაზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ რაიმე ქმედება ან/და დადგა თუ არა ამ პირისთვის სასურველი შედეგი – თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, კანონპროექტების ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს, ცალკეული მუხლების ფორმულირებებში გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა პრინციპები უცვლელი დარჩა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, როგორც საპარლმენტო უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდან, მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]