დაკავებულთაგან ორნი, ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი საავადმყოფოში გადიან მკურნალობას.ბექა რევაზიშვილი, გიორგი ონიანი და „ქართული მარშის“ კიდევ ერთი მხარდამჭერი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული მარშის“ აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
19 მარტს, თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობის წინ, მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. მათ ავტომობილს, სადაც გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი ისხდნენ ალყა შეამოარტყეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანაც, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
„ქართული მარშის“ წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში ნათქვამ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: „მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა“.