მისივე თქმით, პოლიციელებმა წიხლებით ცემეს. მისგან ითხოვდნენ, ეღიარებინა, ფერმაში იარაღი სად ჰქონდათ შენახული.
ნაცემი ალექსი ტარაშენკოვი ფერმის მეპატრონემ მალხაზ ამონაშვილმა დილით ნახა. ამონაშვილი ამბობს, რომ პოლიციელები მის დაკავებას ცდილობენ.
„ათასი რამე ფუჭდება ამ სოფელში, საქონლის ქურდობით დაწყებული და სახლების ძარცვით დამთავრებული. ვერცერთ საქმეს ვერ ხსნიან. ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი მე მიკავშირდება და მწყემსი იმიტომ ცემეს, ეღიარებინა რომ რაღაც დავაშავე. მერე ჩემთან მოვიდოდნენ ამ აღიარებით და დამაკავებდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, ძალიან ბევრი შემთხვევაა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებთან მიმართებაში. მამა მყავდა მხედრიონელი და იმის გამო, რომ ჩვენ მისი შვილები ვართ, მე თვითონაც ბევრჯერ წავუყვანივარ სამართალდამცავებს გურჯაანში და სასტიკად ვუცემივარ.
იქ მეუბნებოდნენ თქვენ იმის შვილები რომ ხართ, თქვენს სისხლს დავლევთო, ბოლომდე დაგღუპავთო. ერთ-ერთი სამართალდამცავი, ლევან მაისურაძე ბოლოს, რამდენიმე დღის წინ რომ იყო მოსული ჩვენთან ჩხრეკაზე, ვუთხარით, რაც არ არის, რას ეძებთო. არ არის და ქუჩაში ჯიბეებს წამლით გაგივსებთო“, - აღნიშნავს მალხაზ ამონაშვილი.
ის დახმარებას საქართველოს სახალხო დამცველს და პროკურატურას სთხოვს.
ალექსი ტარაშენკოვი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მოათავსა. მას თავის ტვინის შერყევა აქვს და ღია ჭრილობები თავისა და ფეხის არეში.
პოლიციის თანამშრომლების მიერ ალექსი ტარაშენკოვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ბოლო 3 წლის განმავლობაში, კახეთში მოქალაქეებმა პოლიციელები არაერთხელ ამხილეს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში. გამოძიება თითქმის ყველა ფაქტზე დაიწყო, მაგრამ პროკურატურას არცერთი პოლიციელი არ მიუცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ამ თემაზე: