weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩხოროწყუს საკრებულომ ნარკოდამოკიდებულებს კატებისა და ძაღლების ყოლა აუკრძალა

18:01 სამშაბათი, 20 მარტი 2018

ჩხოროწყუს საკრებულოს დადგენილებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მყოფ პირებს კატებისა და ძაღლების ყოლის უფლება არა აქვთ, 18 წლამდე არასრულწლოვნებს კი მხოლოდ მშობლების წერილობითი თანხმობით შეუძლიათ.

დადგენილება, რომელიც ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულომ 2017 წლის 4 დეკემბერს მიიღო, განსაზღვრავს ისეთ რეგულაციებსაც, რომელთა ნორმატიული მოწესრიგება, როგორც წესი, შეუძლებელია ანდა მიზანშეწონილი არ არის. მაგალითად, დადგენილებაში მითითებულია, რომ: ძაღლისა და კატის მეპატრონე არ შეიძლება იყოს ქმედუუნარო პირი; ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ქუჩიდან აიყვანონ, იჩუქონ, ასევე ანდერძით ან მემკვიდრეობით მიიღონ კატა და ძაღლი; მოდარაჯე ძაღლის დაბმა შეიძლება მხოლოდ 5 მეტრიანი ან უფრო მეტი სიგრძის თასმით; მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს კატისა და ძაღლის საძილე ადგილის გათბობა და განათება.

„რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეს დადგენილება, მოქალაქეების მიერ 2017 წლის 5 ოქტომბერს შეტანილი პეტიციის საფუძველზე მიიღო. პეტიციას თან ახლდა დადგენილების პროექტიც, რომელიც საკრებულომ ტექსტის შეუცვლელად დაამტკიცა.

აღნიშნული პეტიცია, რომლის მიზანიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობის მართვის თანამედროვე წესების მიღებაა, ჩხოროწყუს მცხოვრებლებმა საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაცია „რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“-ს მხარდაჭერით წარადგინეს.

„თანაზიარის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ „რეგინფოს“ უთხრა, რომ დადგენილების პროექტი მათ ბათუმში მოქმედმა ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ მიაწოდა.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი 2016 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანი აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ 20 მუნიციპალიტეტში, მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, არჩილ ხახუტაიშვილის განცხადებით, მათ სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მსგავსი შინაარსის დადგენილებები გამოიყენეს და პეტიციას პროექტის სახით ის დაურთეს:„აბა, ახალს ხომ არ მოვიგონებდით? ავიღეთ ის, რაც უკვე არსებობდა სხვაგან. ეს ჩანაწერი, რაზეც თქვენ მეკითხებით, ზუსტად არ მახსოვს“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28 წევრი ჰყავს, აქედან 23 „ქართული ოცნებიდან“, 4 „ნაციონალური მოძრაობიდან“ და 1 „ევროპული საქართველოდან“. საკრებულოში შექმნილია 5 კომისია, 5 ფრაქცია, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, თანაშემწე და 3 კონსულტანტი, საკრებულოში ფუნქციონირებს იურიდიულ საკითხთა და საქმის წარმოების განყოფილებაც.

საკრებულოს თავმჯდომარეს ბესიკ ესაბუას ვკითხეთ, რატომ ვერავინ ნახა, რომ ასეთი დისკრიმინაციული აკრძალვა დადგენილებით არ დაემტკიცებინათ.

„პეტიციით მოგვმართეს. ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. შემოწმებას ხომ გადის ეგ დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებამდე. რატომ არ ნახეს?“, - აღნიშნავს ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე.

საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებზე სამართლებრივ ზედამხედველობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს, - მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი სამსახურების მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შინაარსის დადგენილებები 2015 წელს მიღებული აქვთ ჩოხატაურის, ბორჯომის, ვანის და წყალტუბოს საკრებულოებს. ყველა ეს დადგენილება ამჟამად მოქმედია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთარ, ანუ ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და აჯარიმებს მოქალაქეებს ძაღლისა და კატის ყოლის წესის დარღვევის გამო. ამ წესების დარღვევისთვის რიგითი მოქალაქე 8 ლარამდე, თანამდებობის პირი კი 20 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]