ახლობლების ინფორმაციით, სხვა დაზიანებებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილს საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი.
„2018 წლის 20 -21 მარტს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე. ცენტრი „ემპათია“-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ - კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი“, - ნათქვამია „ემპათიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის მამა, ასევე, გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები. ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.
არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ის წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ მოხდებოდა, ექსპერტიზისთვის კი მასალები რუსეთში ჰქონდათ გაგზავნილი.
ქუტაშვილს და პავლიაშვილს დოკუმენტები ჰქონდათ ჩამორთმეული და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა 11 მარტს მიეცათ.