„სამოქალაქო პანაშვიდები ოჯახში გაიმართება. შაბათს, დილას, ვფიქრობთ, რომ გადავასვენოთ წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, შემდეგ მოხდება იქიდან გადასვენება ქანდის სასაფლაოზე“, - აღნიშნა ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში გუშინვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. წინასწარი მონაცემებით, ტატუნაშვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.
ახლობლების ინფორმაციით, სხვა დაზიანებებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილს საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი.