აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების განვითარება და სამაუწყებლო პროცესების კიდევ უფრო ხარისხიანად გამართვაა.
„ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი აქცენტები იქნება: მაუწყებლის ტელე, რადიო და ვებპლატფორმების სამაუწყებლო წარმოების ზედამხედველობა და კონსულტაციების გაცემა, მუშაობის ხარვეზების გამოვლენა და ცვლილებების დოკუმენტის მომზადება; თითოეული პლატფორმისთვის სამაუწყებლო კონცეფციების შედგენა და მართვის პროცესების განახლებაში მონაწილეობა, შეფასება და კონტროლი; მაუწყებლის შიდა ტრენინგების ჩატარება, ადმინისტრირება და კონტროლი; დონორებთან, უცხოურ მაუწყებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობა“, - აღნიშნავს აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე.
მარინა ვაშაყმაძე RFE/RL (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) თბილისის ბიუროს 2006-2018 წლებში ხელმძღვანელობდა. 25 წელზე მეტია რაც პრაქტიკულ ჟურნალისტიკაშია, არის მრავალი პუბლიკაციისა თუ გადაცემის ავტორი, წლების განმავლობაში იყო რამდენიმე მედიასაშუალების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ჟურნალისტიკის მიმართულებით საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.