გამოძიება, სავარაუდოდ, მშობლების განცხადების საფუძველზე დაიწყო. სკოლის დირექტორი აჭარის ტელევიზიასთან ამბობს, რომ მოსწავლე ორი დღეა სკოლაში არ დადის.
„მშობელმა შემოგვითვალა, რომ ბავშვი დაკითხვაზეა და ამიტომ სკოლაში ვერ ვატარებთო. რატომ არის არასრულწლოვანი დაკითხვაზე, მშობელი დაგვპირდა, პირადად აგიხსნითო“, - ამბობს დირექტორი.
დაახლოებით ორი კვირის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ ქარცივაძემ განაცხადა, რომ ბოლო ერთ წელში, აჭარაში, ბავშვების მიერ სახიფათო ინტერნეტთამაშების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. „რომ არ ჩავრეულიყავით, შეიძლება იმ შედეგებამდე მივსულიყავით, რა შედეგსაც მსგავსი ტიპის თამაშები იძლევა“, - აღნიშნავდა ქარცივაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართულ ონლაინ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.
„ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ, გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.