გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა BFF შექმნა. მომხმარებლებმა ეს სიტყვა კომენტარებში უნდა დაწერონ. ამტკიცებენ, რომ თუ BFF მწვანე ფერში გადავა, ესე იგი ანგარიში დაცულია, წითელი ფერი კი ანგარიშის „გატეხვის“ საშიშროებაზე მიუთითებს. პოსტის ავტორები მომხმარებლებს ამ ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარებისკენ მოუწოდებენ, რათა „უსაფრთხოების სისტემა მეტი ადამიანისთვის გახდეს მისაწვდომი“.
BFF-ის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, აბრევიატურა BFF (ინგ. Best Friends Forever - იშიფრება როგორც „საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ“) მხოლოდ იმიტომ მწვანდება, რომ Facebook-სთვის სპეციალური სიტყვაა, ისევე როგორც სხვა სიტყვები და ფრაზები, რომლებიც დაწერის შემდეგ ანიმაციად იქცევა - Best Wishes, Congratulations, You Got This, Xoxo, Rad.
Facebook-ის პეციალური სიტყვების/ფრაზების სიაში BFF 29 იანვრიდან არის. მცდარ ინფორმაციას კი იმისთვის ავრცელებენ, რომ ავტორებმა საკუთარი პოსტის გაზიარების და მათზე კომენტარების რიცხვი გაზარდონ.