weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუისპირში მიწების გასხვისების საკითხმა თელავის საკრებულოში დაპირისპირება გამოიწვია

14:45 პარასკევი, 23 მარტი 2018

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც რუისპირისა და იყალთოს მცხოვრებლები „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად მივიდნენ. ისინი საკრებულოს დღის წესრიგის შეცვლას და პირველ რიგში მიწის ნაკვეთების გასხვისების საკითხის განხილვას ითხოვდნენ.

როგორც ბოტკოველმა განაცხადა, რუისპირის შემდეგ, საძოვრების გაყიდვა სოფელ იყალთოშიც იგეგმება. მისივე თქმით, მიწების გასხვისების უკან ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული დგას, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის სიძეა.

„რატომ გაუყიდეთ რუისპირელებს მიწა და რატომ უყიდით იყალთოელებს? ხალხს მხოლოდ საძოვარი დარჩა, რომ ძროხა გაიყვანოს და აბალახოს. თქვენ ამასაც უყიდით. ამის უკან დგას შენი სიძე, კონკრეტულ ბიზნესმენთან ერთად, რომელიც „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ეს იციან იყალთოელებმაც და რუისპირელებმაც. პირობას გაძლევთ, რომ რუისპირის მიწას უკან დააბრუნებთ და იყალთოს მიწას არ გაგაყიდინებთ“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.

საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე აცხადებდა, რომ გიორგი ბოტკოველმა ხალხი შეცდომაში შეიყვანა და საკრებულოში მოტყუებით მიიყვანა. საკრებულომ მოქალაქეების მოთხოვნა სხდომის დღის წესრიგის შეცვლის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

„გიორგი ბოტკოველი იმისთვის მოვიდა, რომ არ მოგვცეს საშუალება, სხდომა ნორმალურ რეჟიმში ჩატარდეს. შევთავაზეთ, მათ მიერ მოთხოვნილი საკითხის განხილვა მომხდარიყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ. ამის მოსმენაც არ უნდა. მოსულია სხდომის ჩასაშლელად და დებოშის მოსაწყობად. ის მიწები აბსოლუტურად კანონის დაცვით არის გასხვისებული. გიორგი ბოტკოველი სიცრუის ტირაჟირებას ახდენს“, – განაცხადა არჩილ თხლაშიძემ ჟურნალისტებთან.

მოგვიანებით ფიზიკური შეხლაშემოხლა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბადურ რევაზიშვილს, გიორგი ბოტკოველსა და გიორგი მოსიაშვილს შორის მოხდა. ბადურ რევაზიშვილი გიორგი მოსიაშვილს ეუბნებოდა, რომ ის საკრებულოში მას შემდეგ მივიდა, რაც დაურეკეს და მისვლა დაავალეს. საკრებულოს სხდომათა დარბაზი მოქალაქეებს სამართალდამცავებმა დაატოვებინეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მცხოვრებლები 15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის ინვესტორზე გაყიდვას მეორე თვეა აპროტესტებენ. მათ 16 თებერვალს თელავის მერიაში განცხადებაც შეიტანეს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ მიწის ნაკვეთი სოფელს დაუბრუნდეს, 23 თებერვალს კი სოფელში საპროტესტო აქცია გამართეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]