შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულები არიან 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ბ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ., 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ლ.ჯ.
„გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან და ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით.