weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ეთერში გაშვებამდე განადგურდა

12:17 სამშაბათი, 23 მაისი 2017

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში 20 მაისს, 19:30 საათზე უნდა გასულიყო სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მოგვითხრობდა რა კავშირი აქვს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს, ამჟამად პარლამენტის წევრ ოთარ დანელიას ცხვრის ბიზნესთან. ფილმი ეთერში ვერ გავიდა. „მონიტორის“ ინფორმაციით, დამონტაჟებული გადაცემა ქსელში გაშვებულმა ვირუსმა გაანადგურა.

„ანონსის გავრცელების შემდეგ, გადაცემის ეთერში გასვლის წინა დღეს, 19 მაისს, სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზის გამო დამონტაჟებული გადაცემა განადგურდა. მოვიწვიეთ სპეციალისტი, რომლის შეფასებითაც მყარი დისკის დაზიანება, სავარაუდოდ, ქსელში გაშვებულმა ვირუსმა გამოიწვია, რის გამოც, ჟურნალისტური გამოძიება ეთერში ვერ გავიდა. სტუდია „მონიტორი“ აგრძელებს ამ გადაცემაზე მუშაობას და იმედი გვაქვს, მაყურებლებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ“, – ამბობს სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი.

ჟურნალისტური გამოძიებაში აღწერილია როგორ ჩაიგდეს ხელში პრივილეგირებულმა, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესჯგუფებმა ცხვრის ბიზნესი. შედეგად ქართველმა მეცხვარეებმა დიდი ზარალი განიცადეს.

„მონიტორს“ მომხდარის გამოძიების მოთხოვნით შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. „პოლიიციას არ მივმართეთ, რადგან აზრს ვერ ვხედავთ. ჟურნალისტურ გამოძიებას უახლოეს დღეებში აღვადგენთ“, – აღნიშნავს ნინო ზურიაშვილი.

სტუდია „მონიტორის“ ოფისი 2012 წლის 22 ივლისს გაქურდეს. მოიპარეს მთელი ტექნიკა მათ შორის 2 კამერა, შტატივები,  ლეპტოპები და 2 სამონტაჟო კომპიუტერი. ქურდობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ საქმე დღემდე გამოუძიებელია.

სტუდია „მონიტორი“ 2005 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. „მონიტორი“ ჟურნალისტურ გამოძიებებს ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ამზადებს. ჟურნალისტურ გამოძიებებში სტუდია „მონიტორი“ აშუქებს კორუფციის შემთხვევებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, იძიებს კომპანიების მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებსა და ყოფილი და ამჟამინდელი მაღალი რანგის ოფიციალური პირების საქმიანობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]