„გაცნობებთ, რომ 24 მარტს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა, ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. აღნიშნულ ტერიტორიებზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული“, – განაცხადეს შსს-ში.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე წეროვნიდან, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გადაასვენებენ.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მამაკაცი გულის უკმარისობით დაიღუპა.
ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი და საქართველოს საპატრიარქო ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარეს. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.