გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულები საკუთარ და დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმროების ნომრებსა და ფართებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის უთმობდნენ.
პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისში, სასტუმროს ტიპის ერთ-ერთ დაწესებულებაში, მისი მფლობელი ფ.ი. და დაწესებულების ადმინისტრატორი და ბარმენი ი.ქ. გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
ამავე ბრალდებით, თბილისში კიდევ ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგენილია, რომ ჩინური მასაჟის ერთ-ერთი სალონის ადმინისტრატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ზ.ქ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ცალკეულ პირებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით უკვე გამოკითხეს.
პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ყველა ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 254-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.