შსს-ს ცნობით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია სირიის მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს - „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უზბეკეთის 1 და თურქეთის 2 მოქალაქე დააკავეს.
უზბეკეთის მოქალაქე საქართველოში შემოსვლას სხვისი პასპორტით ცდილობდა. რაც შეეხება თურქეთის 2 მოქალაქეს, ისინი ყალბი ბულგარული სამგზავრო პასპორტების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.
მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.