თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ისტორიაში პირველად იწყება. კურსი სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების მესამე დონეა. მის ფარგლებში ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტებს მოამზადებენ.
„იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსიც. სწორედ აღნიშნულმა ტრანსფორმაციამ განაპირობა ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭება, რაც დღეიდან სერჟანტს სამხედრო პროფესიულ განათლებას მისცემს და მხოლოდ წვრთნაზე აღარ იქნება ორიენტირებული“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.
საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. სერჟანტები ასევე დაჯილდოვდნენ მედლებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის და „გიორგი ანწუხელიძე“.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.